შემდეგი შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება შაბათს, 21 მარტს, ილიაუნის T102 დარბაზში.
14:00 – 15:00 საათებში, მოხსენებას “რას გვეუბნებიან დიდმასშტაბოვანი მაგნიტური ველები სამყაროს ევოლუციის შესახებ?” წაიკითხავს ილიაუნისა და ბოლონიის უნის მკვლევარი (Postdoctoral fellow) სალომე მჭედლიძე
მოკლე მიმოხილვა:
ჩვენი სამყაროს შემეცნება იწყება ‘პატარა’ მასშტაბებიდან: ვაკვირდებით ჩვენს უახლოეს ვარსკვლავს — მზეს, პლანეტებს, შემდგომ უფრო დიდ მასშტაბებში ჩვენს გალატიკასა და მეზობელ გალაქტიკებს და გალაქტიკების გროვებსაც (ე.წ., გალაქტიკურ კლასტერებს), რომელნიც დღეს-დღეობით ყველაზე დიდ გრავიტაციულად ბმულ დაკვირვებად ობიექტებს წარმოადგენენ. თანამედროვე დაკვირვებები აჩვენებენ, რომ არა მხოლოდ ჩვენს უახლოეს ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს გააჩნიათ მაგნიტური ველები, არამედ გალაქტიკურ გროვებსაც. გაურკვეველია საიდან მოდიან ასეთ დიდ მასშტაბებში არსებული მაგნიტური ველები: წარმოიქმნენ ისინი გალაქტიკების ფორმირებისას თუ უფრო ადრე, როცა სამყარო ცხელი და ნაწილაკების მდგომარეობაში მყოფი იყო? გაუმჯობესებული ტელესკოპის მეშვეობით ჩატარებული დაკვირვებები საშუალებას გვაძლევენ არაპირდაპირი მეთოდებით გავზომოთ მაგნიტური ველების სიდიდე დიდ მასშტაბებში, მაშინ როცა თანამედროვე რიცხვითი თვლების მეშვეობით შეგვიძლია შევისწავლოთ როგორ ევულიცირებენ მაგნიტური ველები გალაქტიკებსა და გალაქტიკურ გროვებში. მოხსენებაში ვისაუბრებ სამყაროს დიდმასშტაბოვან სტრუქტურაზე (ე.წ. cosmic web), მასში მაგნიტური ველების დაკვირვების გზებზე, რიცხვით სიმულაციებსა და მათი მეშვეობით მიღებულ პასუხებზე მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ, და მინიშნებებზე თუ რა როლს შეიძლება ასრულებდნენ ასეთი მაგნიტური ველები სამყაროს ევოლუციისას.
15:00 – 17:00 საათებში, ილიაუნის ასოც. პროფ. პაატა გოგიშვილი გააკეთებს მოხსენებას: “სამყარო და ხელოვნური ინტელექტი”
მოკლე მიმოხილვა:
დღეს ძალიან პოპულარულია ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი”. ერთი შეხედვით ყველამ ვიცით რა არის იგი, თუმცა არის მრავალი საინტერესო და მოულოდნელი გარემოება, რომლის ცოდნაც სხვა თვალით დაგვანახებს ყველაფერს. ლექციაში განვიხილავთ, თუ როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებს სამყაროს შესწავლაში — ახალი ნაწილაკების აღმოჩენიდან და კოსმოსური მონაცემების ანალიზიდან დაწყებული, ცილების სტრუქტურის პროგნოზირებითა და კლიმატური მოდელების სრულყოფით დამთავრებული.
ამავდროულად, ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რა პრინციპები ისესხა ხელოვნურმა ინტელექტმა თავად ბუნებისგან — ნეირონული ქსელებიდან ევოლუციურ ალგორითმებამდე. ლექცია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და არ მოითხოვს წინასწარ ტექნიკურ ცოდნას.
მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული:
https://iliauni-edu-ge.zoom.





